მარიამ ჯაშის განცხადებით, იმდენად გაძვირებულია პირბადეები, რომ ყოველდღიურად თუნდაც ერთი პირბადის შეძენა ადამიანს თვეში 21 ლარი დაუჯდება

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, იმდენად გაძვირებულია პირბადეები, რომ ყოველდღიურად თუნდაც ერთი პირბადის შეძენა ადამიანს თვეში 21 ლარი დაუჯდება.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მარიამ ჯაშმა პირბადეების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თუკი ჩვენ ერთჯერადი პირბადეების სწორად გამოყენებაზე გვექნება საუბარი, არის შეზღუდული დროით ეფექტურობის ნიშნული. იმდენად გაძვირებულია ბაზარზე პირბადეების ღირებულება, რომ ყოველდღიურად თუნდაც ერთი პირბადის შეძენა ადამიანს თვეში 21 ლარი დაუჯდება. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ეს შეიძლება ძალიან სერიოზული ფინანსური ბარიერი იყოს. იქნებ იყოს მოფიქრებული სუბსიდია, ან რაიმე დახმარება. მრავალჯერადი პირბადეებიც ასევე ალტერნატივაა, თუმცა მოხმარების წესი უნდა იყოს დაცული. ამ დეტალების გარეშე კანონპროექტის მხარდაჭერა რთული იქნება,“-აღნიშნა ჯაშმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ პარლამენტი ვერ გაწერს, თუ კონკრეტულად რა ტიპის პირბადე უნდა იქნას გამოყენებული. მისივე თქმით, პირბადის სტანდარტს დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ამ რეგულაციებით ჩვენ არ შემოგვაქვს ვალდებულება, რომ მოქალაქეს დილიდან საღამომდე პირბადე ეკეთოს, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ ამის ინტერპრეტაციას. საკითხი ეხება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ისეთ დახურულ სივრცეებს, სადაც კონტაქტების მაღალი რაოდენობა გენერირდება. რაც შეეხება ფასს, მოგეხსენებათ, ეკონომიკის სამინისტრომ და ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა, რომ ადგილობრივი წარმოება ჩართულიყო. აქ, რა თქმა უნდა, ფასების საკითხი იქნება საინტერესო და ასევე ის, თუ სამომავლოდ რა მხარდაჭერაა წარმოებისთვის დაგეგმილი,“-აღნიშნა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი წარედგინა. ცვლილებების თანახმად, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს.