„ანტიდემპინგური კანონი დაიცავს არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებებს დემპინგური იმპორტისგან, არამედ ასეთ საწარმოებში დასაქმებულებსაც"

კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა დემპინგური იმპორტისგან. ამით სახელმწიფო დაიცავს არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებებს, არამედ ასეთ საწარმოებში დასაქმებულებსაც.

დემპინგი ზღუდავს კონკურენციას ბაზარზე. შედეგად, თუკი მოკვლევა დაადგენს, რომ არსებობს კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით, ჩვენ შევძლებთ ყველა იმ უცხოური კომპანიის მიმართ, რომელიც აწარმოებს დემპინგურ იმპორტს, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღებას,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ პარლამენტში კანონპროექტის „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ განხილვისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებთან და საუკეთესო საერთაშორისო ტრადიციებთან. ამასთან, მისი თქმით, კანონპროექტი ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, ბიზნესთან, კონსენსუსითაა მიღებული და საერთაშორისო ვაჭრობაში შემზღუდავ როლს არ შეასრულებს.

კანონპროექტი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და ადგილობრივი ბიზნესის აქტიური ჩართულობით შემუშავდა. გენადი არველაძის განცხადებით, კანონპროექტი მომზადებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების დაცვით, მისი მიღება დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის მიყენების საფრთხისაგან და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

„დღეს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზა არ აქვს, რომლის არქონის პირობებშიც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს, რის შესახებაც არაერთხელ მოუმართავთ ადგილობრივ კომპანიებს. რიგ შემთხვევებში, დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. კანონპროექტის მიღება დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტისგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.