პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული ჯარიმების შესამსუბუქებლად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კანონპროექტის შემუშავება ჯერჯერობით არ იგეგმება.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ამ ჯარიმების სრულად ჩამოწერა მოხდეს, ოხანაშვილი პოპულისტურს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არასამართლიანი იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვინც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში შეზღუდვებს ემორჩილებოდა.
„ამ ეტაპზე ამ საკითხის რაიმე ტიპის დარეგულირება არ არის გათვალისწინებული. თუ ამასთან დაკავშირებით ჩამოვყალიბდებით, ამის შესახებ შეგატყობინებთ. რას გვეუბნება ოპოზიცია, რომ ერთი ხელით დავაწესოთ სანქციები და მეორე ხელით ვუთხრათ, რომ თქვენ თუ დაარღვევთ, გაგათავისუფლებთ ამ პასუხისმგებლობისგან? თუკი თქვენ იცავდით წესებს, გადაადგილდებოდით შესაბამისი შეზღუდვების ფარგლებში და სოლიდარულები ვიყავით ერთმანეთის მიმართ, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას აყენებდნენ საფრთხის ქვეშ, არ მოვთხოვოთ მათ პასუხი? ეს ხომ არ იქნება სამართლიანი მოპყრობა? აი, ასეთ მოპყრობას გვთავაზობს ოპოზიცია. ეს არის პოპულისტური ნაბიჯი, რომ თითქოს ისინი საზოგადოებაზე ზრუნავენ და თითქოს მათ ადარდებთ ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა. იცით, რომ 3 თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასის მესამედი გადავრიცხეთ კოვიდის ფონდში. მათ ეს არ გააკეთეს. 6 მლნ ლარამდე ფულადი თანხის გადახდა გვიწევს ჩვენი მოქალაქეებისთვის მათ პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამო. აი, ასე ზრუნავდა ეს ხალხი და ასეა დაინტერესებული საზოგადოებაზე ზრუნვაში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.