პანდემიის შედეგად ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1.8 მლრდ ლარით მცირდება

პანდემიის გამო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1.8 მლრდ ლარით მცირდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობისთვის 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები შემცირდება დაახლოებით, 600 მილიონი ლარით. ამასთან, ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 8,5%.

პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ არაპროგნოზირებადობა. ეს არის დიდი გამოწვევა გლობალური ეკონომიკისთვის და ჩვენი პატარა, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის არის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოწვევა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა -4% იქნება

„ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები დაახლოებით 600 მლნ-ით და ბიუჯეტის დეფიციტი ამ პარამეტრებით საპროგნოზო იქნება დახლოებით 8.5%. ეს არის ძირითადი პარამეტრები ბიუჯეტის, რომელსაც დღეს ფინანსთა სამინისტრო წარმოგვიდგენს, თუმცა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით ვპროგნოზირებთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ აღდგენას. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი არის 4%, ხოლო 2022 წლის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც არის ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, დაახლოებით 6% გახლავთ. მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი არის პროგნოზი და დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ არაპროგნოზირებადობა, ამიტომ, ჩვენ ყველანი როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით მზად უნდა ვიყოთ ყველა სახის გამოწვევისთვის. სწორედ ეს გვკარნახობს, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას აქვს, ძალზე ფრთხილად, მაქსიმალურად გონივრულად და სამართლიანად იყოს გამოყენებული. ეს არის ძირითადი პრინციპები, როდესაც ჩვენ, მაგალითად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ჩვენს მოქლააქეებზე გავანაწილეთ 6 თვეზე და არ მივეცით ერთჯერადად და კიდევ ბევრი ნაბიჯი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისითაც განპირობებული იყო სწორედ ამ დიდი გამოწვევით“,- განაცხადა გახარიამ.