ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კრედიტების ნაწილში დამატებით 4 მილიარდ 470 მილიონი ლარია მობილიზებული.
როგორც კაკაურიძემ მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციაზე განაცხადა, გარდა კრედიტებისა, მობილიზებულია გრანტებიც, მათ შორის 330 მილიონი ლარი ევროკავშირიდან.
„კრედიტების ნაწილში დამატებით მობილიზებულია 4 მილიარდ 470 მილიონი ლარი. სავალუტო ფონდის 600 მილიონ ლარზე მეტი ჩარიცხულია, ეს ივნისის დასაწყისშივე მოხდა. რაც შეეხება სხვა დონორებს, აზიის განვითარების ბანკიდან ველოდებით მილიარდ 455 მილიონ ლარს, აქედან ნაწილზე ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და პარლამენტში წარდგენილია სარატიფიკაციოდ, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან, აქაც ხელმოწერები განხორციელდა და სარატიფიკაციოდ არის დიდი ნაწილი უკვე წარდგენილი პარლამენტში, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და თანხაც გადმორირიცხება. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი- ერთი ნაწილი უკვე რატიფიცირებულია, დღეს იხილება პარლამენტში ეს საკითხი და მეორე ნაწილი უკვე წარდგენილია სარატიფიკაციოდ. საფრანგეთის განვითარების სააგენტო- აქ ორი ხელშეკრულებაა და ორივე პარლამენტში დღეს არის დღის წესრიგში და რატიფიცირება მოხდება ამ საკითხების. მსოფლიო ბანკი - ნაწილი რატიფიცირებულია და ნაწილზე ხელშეკრულების პირობების დაზუსტება მიმდინაროებს და ევროკავშირიდან 241 მილიონი ლარია, აქაც ველოდებით, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ხელშეკრულების ნაწილი დასრულდება და უკვე პარლამენტში წარდგენა მოხდება სარატიფიკაციოდ. გარდა სესხებისა, დამატებით მობილიზებული მოხდა გრანტის ნაწილში, ევროკავშირიდან 330 მილიონი ლარის ოდენობით დამატებით საგრანტო რესურსი იქნა მობილიზებული, ფონდში მობილიზებული თანხა უკვე აღვნიშნეთ ბიუჯეტის შემოსავლებში, რა თქმა უნდა, აისახება, ასევე ის დამატებითი საპროცენტო შემოსავლები და საშინაო ვალი, საიდანაც 600 მილიონი ლარი უნდა მიემართოს კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში”, - განაცხადა კაკაურიძემ.