ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმისთვის საჭირო და მობილიზებული 3.4. მილიარდი ლარი როგორ განაწილდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმისთვის საჭირო და მობილიზებული 3.4. მილიარდი ლარი როგორ განაწილდება.

როგორც კაკაურიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, 490 მილიონი ლარი არის უხელფასოდ დარჩენილი ადამიანების კომპენსაციებისთვის გათვალისწინებული, რომლებიც 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

„250 მილიონი არის საშემოსავლო გადასახადის შეღავათი და ეს ასახულია საგადასახადო შემოსავლებში. თვითდასაქმებულთა 300 ლარიან დახმარებებზე გვაქვს 75 მილიონი ლარი გათვალისწინებული. კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, რაც უკვე ორი თვეა ანაზღაურებულია და კიდევ მესამე თვე უნდა ანაზღაურდეს, 170 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის 48 მილიონია გათვალისწინებული. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება არის 13 მილიონი. 24 მილიონი ლარია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებისთვის გათვალისწინებული. შემოწირულობებით არის მოგროვებული ფონდში 133.5 მილიონი ლარი, ეს როგორც დამატებითი თანხა განსაზღვრულია ბიუჯეტში და პირდაპირ ბიუჯეტში გაიწერა, რომ მისი ხარჯვა მოხდება მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მხოლოდ კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე და მისგან დაზარალებულთა დახმარებებზე. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით დამატებულ თანხებს, ეს არის საკარანტინო ზონების და ფრენების სუბსიდირება ჯამში 45 მილიონი ლარი. 345 მილიონი ლარია ვირუსის გავრცელების, პრევენციისა და ჯანდაცვის პროგრამებისთვის განსაზღვრული, აქ შედის როგორც ინფრასტრუქტრული ნაწილი ჯანდაცვაში, ასევე, მკურნალობის ხარჯები. სასტუმროების პროცენტის სუბსიდირება არის 70 მლნ ლარი, სამშენებლო სექტორის დახმარებაზე ორი კომპონენტია, როგორც დევნილებისთვის სახლების შესყიდვა, ასევე, სუბსიდირების ნაწილი და ეს ჯამში 40 მილიონი ლარია. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ნაწილში გვაქვს 139 მლნ ლარი გათვალისწინებული, დღგ-ს დაბრუნებაზე კი 600 მილიონი ლარი,“ - განაცხადა კაკაურიძემ.