ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭვარიანის განცხადებით, კოვიდფონდში მობილიზებული თანხები მხოლოდ და მხოლოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ან კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას მოხმარდება.
ამის შესახებ მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, კოვიდფონდში მობილიზებული თანხების გახარჯვა მთავრობის დადგენილებით იქნება შესაძლებელი.
„რაც შეეხება კოვიდფონდში აკუმულირებულ თანხებს, ძალიან მკაფიოდ გაიწერა და ითქვა ბიუჯეტში, რომ ის შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ კოვიდთან ბრძოლის ღონისძიებებს ან კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას და ანაზღაურებას, ანუ მიზნობრიობა შენარჩუნებულია, უფრო მეტი კონკრეტიკა მთავრობის დადგენილებით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის stopcovფონდში 133 633 742 ლარია ჩარიცხული.