ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, უწყებებიდან ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის, განათლების და თავდაცვის სამინისტროების ბიუჯეტი მცირდება.
ამის შესახებ კაკაურიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დამატებითი საჭიროებების და შემცირებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილი ჯამში იზრდება 4 მილიარდ 490 მილიონი ლარით და საბოლოო ჯამში ბიუჯეტის მთლიანი ხარჯვითი ნაწილი, 15 მილიარდ 923 მილიონი ლარი იქნება.
„ძირითადი შემცირებები არის ინფრასტრუქტურის სამინისტროში [251 მილიონი ლარი], მოგვიწია მიმდინარე პროექტების შემცირება, ასევე განათლების სამინისტროში გვაქვს 127 მილიონიანი შემცირება - აქ კულტურის ნაწილშიც არის შემცირება და სპორტის ნაწილშიც. თავდაცვის სამინისტრო არის 75 მილიონი ლარით შემცირებული, ქალაქ თბილისის ტრანსფერი, რაც კაპიტალური პროექტებისთვის იყო გათვალისწინებული, შემცირებულია 35 მილიონი ლარით. ეკონომიკის სამინისტროსთვის არსებული პროგრამები, რაც პანდემიამდე არსებობდა, არის 26 მილიონი ლარით შემცირებული, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაწილში შემცირებულია 15 მილიონი ლარით, ფინანსთა სამინისტროს 12 მილიონი ლარით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 მილიონი ლარით. პარლამენტის ინიციატივით, პარლამენტის ასიგნებებია 4 მილიონი ლარით შემცირებული. ასევე მცირე თანხებით შემცირდა ბიუჯეტი თითქმის ყველა უწყებაში. დამატებითი საჭიროებების და შემცირებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილი ჯამში იზრდება 4 მილიარდ 490 მილიონი ლარით და საბოლოო ჯამში ბიუჯეტის მთლიანი ხარჯვითი ნაწილი, რაც პარლამენტს უნდა წარედგინოს, არის 15 მილიარდ 923 მილიონი ლარის ოდენობით“, - განაცხადა კაკაურიძემ.