ნათია თურნავამ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და მისი პერსონალი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებში ერთ-ერთი პირველი ჩაერთნენ.

მინდა მადლობა გადავუხადო მათ მაღალპროფესიული საქმიანობისთვის,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო სიტუაციების პერიოდში სააგენტო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა და თავისი უდიდესი წვლილი შეიტანა აუცილებელი პროდუქციით ქვეყნის უწყვეტ მომარაგებაში.

„პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობითა და საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვების შეუფერხებელი გაცემით, სააგენტოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანას შეფერხების გარეშე, რითაც ქვეყანაში საჭირო პროდუქციასთან დაკავშირებით დეფიციტი არ შექმნილა. მთავრობის ანტიკრიზისული უწყებათაშორისი საბჭოს საპრევენციო გადაწყვეტილების შესაბამისად, სააგენტომ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, სახმელეთო გზით საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებისთვის რუსთავსა და ფოთში თვითიზოლაციის სივრცეები - ტირპარკები მოაწყო. აღნიშნული სივრცის გამოყენება შეეძლოთ მძღოლებს, რომელთაც არ გააჩნდათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა და სააგენტოს მხარდაჭერით საშუალება ეძლეოდათ, ესარგებლათ მათვის საჭირო ინფრასტრუქტურით ყოველგვარი საფასურის გარეშე. სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს საზღვარზე შემოსული ყველა მძღოლის მონიტორინგს მათი გადაადგილების შესახებ. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია, სააგენტოს აქტიური ჩართულობა საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლების ბულგარეთიდან ჩარტერული ავიარეისით დაბრუნების პროცესში, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთი ურთულესი პერიოდის განმავლობაში გამოჩენილი ეფექტური საქმიანობისთვის და მაღალი დონის პროფესიონალიზმისთვის,”-აღნიშნა თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.