საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების კლებამ შესაბამისი ასახვა ჰპოვა საქართველოში ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებულ ნავთობპროდუქტების ფასებზე, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე შავლეგ მიშველაძე.
მისივე თქმით, ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასების კლების ამპლიტუდა დაახლოებით 70-80 თეთრს შეადგენს. ამასთან, მსხვილი ბრენდული კომპანიების მომხმარებლებს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, საშუალება აქვთ ისარგებლონ ფასდაკლების სხვადასხვა სისტემებით, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი ერთ ლიტრ საწვავზე დამატებით 15-25 თეთრის ფასდაკლებას იღებს.
,,ბოლო დღეებში დაწყებულმა ლარის გამყარების ტენდენციამ კიდევ უფრო დადებითი ზეგავლენა მოახდინა სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასების ფორმირებაზე. აპრილის თვის დასაწყისიდან ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასების კლება თანმიმდევრულად მიმდინარეობდა და კლების ამპლიტუდა დაახლოებით 70-80 თეთრს შეადგენს. ამასთან, მსხვილი ბრენდული კომპანიების მომხმარებლებს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, საშუალება აქვთ ისარგებლონ ფასდაკლების სხვადასხვა სისტემებით, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი ერთ ლიტრ საწვავზე დამატებით 15-25 თეთრის ფასდაკლებას იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი კვირაა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების მატება შეინიშნება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საერთაშორისო საბაზრო კონიუქტურისა და ლარის კურსის შემდგომი გამყარებისა და სტაბილურობის შემთხვევაში, საქართველოს ავტოგასამართ სადგურებზე ფასები დღევანდელ დღეს ჩამოყალიბებული ნიშნულების ირგვლივ იქნება შენარჩუნებული. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ უკანასკნელ პერიოდში საწვავის ფასების კლებით გამოწვეული ვითარება დადებითად აისახება მთელ რიგ ინდუსტრიებზე," - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ, რომლის კომენტარს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრესსამსახური ავრცელებს.