მეორადი ტანსაცმელი გაძვირდა - 5 ქვეყანა, სადაც საქართველო „ძონძებს“ ყიდულობს

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ყველა ტიპის მაღაზია და ბაზრობა გაიხსნა.

შესაბამისად, მუშაობა განაახლა ყველა იმ სავაჭრო წერტილმა, სადაც მეორადი ტანსაცმელი იყიდება, თუმცა გაზრდილი ფასებით. როგორც მოვაჭრეები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, გაუფასურებული ლარის გამო, გაუძვირდათ პროდუქციის ასაღები ფასი და იძულებულები გახდნენ, გაეზარდათ ტანსაცმლის საცალო ღირებულებაც.

მეორად ბაზრობაზე ტანსაცმლის ფასები საშუალოდ 2-დან 10 ლარამდეა გაზრდილი. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაშია ესა თუ ის სამოსი, რა ბრენდია და რომელი ქვეყნიდან შემოდის.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ყველაზე ძვირი ამერიკა-ბრიტანეთიდან იმპორტირებული პროდუქტი ღირს, შემდეგია გერმანია, ევროპის სხვა ქვეყნები და თურქეთი. საქართველოში კი, ბოლო, 2020 წლის 4 თვის მონაცემებით იმპორტირებული მეორადი ტანსაცმლის 29% თურქეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან იანვარ-აპრილში 563,4 ტონა ტანსაცმელი შემოვიდა, მთლიანად, ყველა ქვეყნიდან კი 1 944 ტონა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ TOP-5 იმპორტიორ ქვეყანას: (2019 წლის იანვარ-აპრილი: წყარო - საქსტატი)

თურქეთი - 1,351 მლნ დოლარი - 563,4 ტონა

აშშ - 890.3 ათასი დოლარი - 113,4 ტონა

გერმანია - 702,6 ათასი დოლარი - 156,7 ტონა

ნიდერნალდები - 144,8 ათასი დოლარი - 51,8 ტონა

იტალია - 139,9 ათასი დოლარი - 54,8 ტონა

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, წელს 4 თვეში ქვეყანამ 5,557 მლნ დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი იყიდა, შარშან კი 6,529 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება მთლიანად 2019 წელს, შარშან 7 794 ტონა ტანსაცმლის იმპორტზე საქართველოდან 23,348 მლნ დოლარი გავიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყნები კი იყვნენ:

თურქეთი - 6,403 მლნ დოლარი - 2 656 ტონა

გერმანია - 4,054 მლნ დოლარი - 742,5 ტონა

ბელგია - 2, 636 მლნ დოლარი - 1 079 ტონა

აშშ - 2,136 მლნ დოლარი - 266,7 ტონა

გაერთიანებული სამეფო - 1 951 დოლარი - 745,4 ტონა

ელზა წიკლაური