ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თამარ არჩუაძის განმარტებით, COVID-19-ის პანდემიის ფონზე საავიაციო ბაზარზე ცვლილებები გარდაუვალია.
მისი თქმით, ცვლილებები იქნება როგორც მგზავრთნაკადის ასევე ავიაკომპანიებისა და სიხშირეების მიმართულებით.
„ბაზარზე იქნება ცვლილებები მგზავრთნაკადის, ავიაკომპანიებისა და სიხშირეების მიმართულებით. ველაპარაკებით ყველა ავიაკომპანიას, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებდნენ. ყველა ავიაკომპანია გამოთქვამს მზადყოფნას განაახლონ ფრენები, თუმცა ეს მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმ ეპიდსიტუაციაზე, რაც არის იმ ქვეყნებში და ზოგადად მსოფლიოში. საზღვრების გახსნის მიხედვით იქნება ავიაკომპანიების დაბრუნებაც. ჩვენთან პანდემიამდე ბევრი სხვადასხვა ავიაკომპანია დაფრინავდა და თუ ამ ქვეყნების საზღვრები გახსნილი არ იქნება, ისინი დაბრუნებას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა „პალიტრანიუსის” ეთერში თამარ არჩუაძემ.
მისი თქმით, პირველი მიმართულებები, რომლებიც რეგულარული ფრენებისთვის გაიხსნება, სავარაუდოდ, ისრაელი და ბალტიის ქვეყნები იქნებიან, თუმცა საბოლოო დეტალები 15 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა საავიაციო სფეროს გაიდლაინებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაკმაყოფილება და გათვალისწინება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.
„გაიდლაინები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცდა, ავიაციის ინდუსტრიის აქტიური ჩართულობით შემუშავდა. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან მათი დაკმაყოფილება ძალიან ადვილი იქნება. მგზავრებს მოუწევთ პირბადით გამოცხადება აეროპორტში, რაც თავის მხრივ სიახლე არ არის, რადგანაც პირბადის ტარება ჩვენი ყოველდღიური რეალობა გახდა. ისინი გაივლიან დამატებით თერმოსქრინინგს. იმ შემთხვევაში თუ მათ დაუფიქსირდებათ ტემპერატურა 37,5 გრადუსზე ნაკლები, ისინი შეძლებენ ჩასხდომის პროცესის გაგრძელებას. სოციალური დისტანციის დაცვით გაივლიან საავიაციო უშიშროების და სასაზღვრო პროცედურებს, ხოლო შემდეგ ჩასხდებიან თვითმფრინავში”, -განაცხადა არჩუაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ავრცელებს.