პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის და პარლამენტის დაფინანსება მცირდება

2020 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მიმდინარე ხარჯების ნაწილში 750 000 ლარით მცირდება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 1 მლნ ლარით მცირდება მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება, მათ შორის მიმდინარე ხარჯების ნაწილში 600,0 ათასი ლარით, ხოლო კაპიტალურ ხარჯებში - 400,0 ათასი ლარით. ამასთან, საქართველოს პარლამენტისვე ინიციატივის 4 მლნ ლარით მცირდება პარლამენტის ბიუჯეტი, მათ შორის მიმდინარე ხარჯები მცირდება 2,5 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები - 1,5 მლნ ლარით.

რაც შეეხება სხვა უწყებებს, აუდიტის სამსახურის ინიციატივით, მათი დაფინანსება მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 1 მლნ ლარით; საერთო სასამართლოების ნაწილში კაპიტალური ხარჯები მცირდება 8 მლნ ლარით; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კაპიტალური ხარჯები მცირდება 1 მლნ ლარით; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კაპიტალური ხარჯები მცირდება 1 მლნ ლარით; საპენსიო სააგენტოს მიმდინარე ხარჯები მცირდება 500,0 ათასი ლარით; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 400,0 ათასი ლარით;ფინანსთა სამინისტროს ასიგნებები მცირდება 12 მლნ ლარით; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები (პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებული 485,0 მლნ ლარის გამოკლებით) მცირდება ჯამში 26,6 მლნ ლარის ოდენობით; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შემცირებულია 251,3 მლნ ლარის ოდენობით; ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში მცირდება 1,5 მლნ ლარით; საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნებები მიმდინარე ხარჯების ნაწილში მცირდება 3 მლნ ლარით; თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები მცირდება 75 მლნ ლარით; შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება მცირდება 10 მლნ ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები (პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებული 139,0 მლნ ლარის გამოკლებით) მცირდება ჯამში 15,1 მლნ ლარის ოდენობით; განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები მცირდება ჯამში 127,7 მლნ ლარის ოდენობით; ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსება მცირდება 1,5 მლნ ლარით და ა.შ.

"აღსანიშნავია, რომ პანდემიიდან გამომდინარე საჭირო დამატებითი ხარჯი ჯამში შეადგენს 2 037,9 მლრდ ლარს, ხოლო პანდემიამდე არსებული ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელებული შემცირება შეადგენს 547,0 მლნ ლარს, მათ შორის მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში მიმდინარე ხარჯები შემცირებულია 199,6 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები შემცირებულია 347,5 მლნ ლარით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარეგისტრირდა.