2020 წელს ხარჯების მოცულობა 12 149,0 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრება

2020 წელს ხარჯების მოცულობა 12 149,0 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამის შესახებ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული. პროექტის თანახმად, 2020 წელს შრომის ანაზღაურებაში 1 მილიარდ 839 მლნ ლარი დაიხარჯება; საქონელსა და მომსახურებაში - 1 მილიარდ 860 მლნ ლარი; სუბსიდიებში - 1 მილიარდ 517 მლნ ლარი; გრანტებში - 124 მილიარდი ლარი; სოციალურ უზრუნველყოფაში - 5 მილიარდ 575 მლნ ლარი; სხვა ხარჯებში - 1 მილიარდ 234 მლნ ლარი.

გარდა ამისა, 2020 წლის ბიუჯეტს ემატება 1 მილიარდ 801,7 მლნ ლარი დამატებითი საჭიროების დასაფინანსებლად, საიდანაც 44,0 მლნ ლარი საკარანტინო სივრცეების მომსახურების ანაზღაურებისთვის დაიხარჯება, 151,0 მლნ ლარი - ჯანდაცვის ხარჯების ანაზღაურებაში, 559,2 მლნ ლარი - სახელმწიფო სუბსიდიებში, ხოლო 1 მილიარდ 044,8 მლნ ლარით სოციალური ხარჯები დაიფარება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო სუბსიდიებისთვის გამოყოფილი თანხა შემდეგნაირად განაწილდება: საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად - 330,0 მლნ ლარი; სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებისთვის - 70,0 მლნ ლარი; მცირე გრანტების გასაცემად - 20,0 მლნ ლარი; სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა – 20,0 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა - 115,0 მლნ ლარი; ვირუსთან ბრძოლაში ჩართული სახელმწიფო საავადმყოფოების სუბსიდირება - 3,2 მლნ ლარი; საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მგზავრობის (ფრენების) სუბსიდირება - 1,0 მლნ ლარი.

რაც შეეხება სოციალურ ხარჯებს, მათი განაწილება შემდეგია:

  • 450,0 მლნ ლარი - იმ მოქალაქეების დახმარებისთვის, რომლებიც დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნებიოდნენ და დაკარგეს ხელფასი, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიანი დახმარების გასაწევად;
  • 75,0 მლნ ლარი - თვითდასაქმებულთა ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებებისთვის;
  • 170,0 მლნ ლარი - მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის;
  • 48,0 მლნ ლარი - 65-დან 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების დახმარება (ოჯახის წევრების რაოდენობის შესაბამისად) 6 თვის განმავლობაში;
  • 13,0 მლნ ლარი - 100 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში;
  • 24,0 მლნ ლარი - მკვეთრად გამოხატული შშმ პირების და შშმ ბავშვების 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში;
  • 125,5 მლნ ლარი - პანდემიიდან გამომდინარე ჯანდაცვის დამატებითი ხარჯები (მკურნალობასთან დაკავშირებული მომსახურების ანაზღაურება);
  • 133,5 მლნ ლარი - StopCoV ფონდის ანგარიშზე მობილიზებული თანხა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად მიიმართება ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და მისგან დაზარალებულთა დახმარებისათვის;
  • 5,8 მლნ ლარი - მაღალმთიანი დასახლებების კანონში პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების შესაბამისად საჭირო დამატებითი ხარჯების დაფინანსება;
  • გრანტები - 2,7 მლნ ლარი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების სუბსიდირებისთვის.