"ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს გავხსენით ეკონომიკა და ძალიან მცირეა დარჩენილი შეზღუდვების ნუსხა, ამან დადებითად იმოქმედა ლარის კურსზე"

პანდემიამ შეცვალა მსოფლიოს ეკონომიკური დღის წესრიგი და გამოიწვია ძალიან სერიოზული რეცესია მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანაც გლობალური მსოფლიოს ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი ჩვენთვის ძალიან კარგად დაიწყო მაკროეკონომიკური მაჩვენებელების პარამეტრებით, პანდემიამ თავისი ნეგატიური სიტყვა თქვა ჩვენს ეკონომიკაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლსეობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მეზურნიშვილმა კოლეგებს შეახსენა, რომ წლის დასაწყისში, პანდემიის გამოცხადებამდე ქვეყანაში ძალიან შემცირებული ინფლაცია იყო.

მეზურნიშვილის თქმით, დაიწყო ლარის კურსის გამყარება და იანვარში ლარის კურსი 2,75-მდე იყო და 5,1% ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა, მაგრამ პანდემიამ მძიმე გავლენა იქონია ეკონომიკაზე. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავლუტო ფონდის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა დაახლოებით -4 % იქნება 2020 წელს, “მიუხედავად ამ ყველაფრისა პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უდიდესი შეღავათი მიიღო ჩვენმა ეკონომიკამ მას შემდეგ, რაც სწორი ტაქტიკა იქნა არჩეული და წარმატებული იყო ამ ბოლო თვეების განმავლობაში ბრძოლა კოვიდ 19-თან“.

„საკოორდინაციო გუნდის და ზოგადად ეპიდემიოლოგების მეშვეობით ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს გავხსენით ეკონომიკა და ძალიან მცირეა იმ შეზღუდვების ნუსხა, რომელიც არის დარჩენილი. ამან, რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედა ლარის კურსზე და თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ნაციონალური ვალუტა გამყარდა“, - აღნიშნა მეზურნიშვილმა.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან სერიოზული თანხები იქნა მოზიდული, რაც ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.

„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე მეწარმეობის ხელშეწყობის გაძლიერებისთვის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არის ცვლილებები, მოგეხსენებათ, რომ დადგენილი სასესხო ლიმიტი 150 000-დან 50 000 ლარამდე შემცირდება და ასევე თანადაფინანსების თვეები 24-დან 36-მდე გაიზრდება. პროგრამის ბიუჯეტი 300 მლნ-ზე მეტია, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა არის ეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ძალიან ბევრი პროგრამა გაერთიანდა სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც, რასაც ჰქვია სუბსიდირება სესხის უზრუნველყოფის ნაწილში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წაადგება ქვეყანას. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება კორონავირუსის მეორე ტალღა, ჩვენ შევძლებთ, რომ წლის ბოლომდე დავიბრუნოთ სტატუსკვო და 2021-23 წლებში, როდესაც იქნება უკვე დამუშავებული და სულ მალე გვექნება პოსტკრიზისული გეგმა, რომელზეც მუშაობენ არა მარტო ქართველი, ასევე მსოფლიო დონის ეკონომისტები სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტები და ამას სულ მალე წარვადგენთ”, - განაცხადა დეპუტატმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა უცხოურ ინვესტიციებზე, რომელთა მოზიდვაც ქვეყანაში ხდება.

„მუხედავად იმისა, რომ დღეს პანდემიაა, გრძელდება ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია ოპიკ პეი ემ ჯგუფის ფოთის საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში 50 მლნ ამერიკული დოლარით დააფინანსებს, ჯგუფი მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას აპირებს. მთლიანად ტერმინალის პროექტის ღირებულება 120 მლნ ამერიკული დოლარია, პირველი ფაზისთვის კი 99 მლნ დოლარი დაიხარჯება, აქედან 50 მლნ დოლარი ოპეკის დაფინანსება იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკული ინვესტიციები იზრდება ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.