შეიქმნება პაციენტის ელექტრონული ბარათი, რომელშიც აისახება პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია,- ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და პროგრამების ამსახველ დოკუმენტშია აღნიშნული, რომელშიც პირველი პრიორიტეტული მიმართულება ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფაა.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ქვეყნის მასშტაბით მოხდება ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა. ამასთან, დაიწყება ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვა. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სისტემას, რომელიც პაციენტზე მეტად იქნება ორიენტირებული და კიდევ უფრო შეამცირებს მოსახლეობის მიერ ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ დანახარჯებს.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის ეფექტიანობისა და ხარისხის გასაზრდელად აქტიურად დაიწყება სელექციური კონტრაქტების სისტემის დანერგვა. სრულად დაინერგება დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების და გლობალური ბიუჯეტის მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების ეფექტიან გამოყენებას. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში. პრიორიტეტული გახდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მათი გართულების თავიდან ასაცილებლად,”-აღნიშნულია დოკუმენტში.
დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად განხორციელდება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმა, რაც ხელს შეუწყობს პაციენტისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.
ცნობისთვის, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარეგისტრირდა.