წელს საქართველოში 24 საგამოცდო ცენტრი იქნება

წელს საქართველოში 24 საგამოცდო ცენტრი იქნება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიცკევიჩმა აღნიშნა, საგამოცდო ცენტრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა განთავსებული.

„წელს გამოცდებისთვის ემზადება და საორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს 24 საგამოცდო ცენტრში, რომელიც განთავსებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თბილისსა და რეგიონებში. ეს გახლავთ ბათუმში, ხულოში, ზუგდიდსა და ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, თელავში, გორსა და რუსთავში. წელს გამოცდებში მონაწილეობას იღებს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი“, - განაცხადა მიცკევიჩმა.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.