აბიტურიენტებს გამოცდის წინა დღეს ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება მოუწევს, რომელიც მათთვის უფასო იქნება

აბიტურიენტებს გამოცდის წინა დღეს ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება და საგამოცდო ცენტრში ცნობის წარდგენა მოუწევს, რომ კოვიდინფიცირებული არ არის. აღნიშნული რეკომენდაცია ერთ-ერთია, რომელსაც საგამოცდო ცენტრებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აძლევს.

რეკომენდაციების თანახმად, ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან.

„თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკური სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა.

თუ გამოსაცდელს 37 გრადუსი ან 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღენიშნება, 15 წუთში უნდა შეუმოწმდეს ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37,5 გრადუსამდე (37,4 გრადუსის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ: თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში. იმ შემთხვევაში, თუ 370С-დან 37.40С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე; 37.50С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.

ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში: თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ საგამოცდო ცენტრებისადმი გაცემულ რეკომენდაციებში.

თავად ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აბიტურიენტებისთვის PCR ტესტი უფასო იქნება.

„თუ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს აქვს სიმპტომები - მომატებული ტემპერატურა 37-დან ზემოთ, აქვს ხველა, სუნთქვის გაძნელება, რა თქმა უნდა, მან უნდა მიმართოს პირველად ჯანდაცვის, ანუ ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის რჩევით იქნება ის შემდგომ გამოკვლეული და ასეთი ადამიანი იქნება რეფერირებული PCR კვლევაზე და მას ჩაუტარდება. ჩვენ სახელმწიფო და კერძო დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას რა თქმა უნდა, აბიტურიენტებისთვის უფასოდ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ჩავატარებთ, მათ ამისთვის არ ექნებათ არავითარი ფინანსური ტვირთი”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.