აგარის ქარხნის მიერ წარმოებული ქართული შაქარი დაახლოებით 50%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ შაქარს, რაც მნიშვნელოვნად აისახება ფასებზეც, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად აგარის ქარხანაში განახლებული სამუშაო პროცესი დაათვალიერა და სამომავლო გეგმებს ადგილზე გაეცნო.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობას როგორც კონკრეტული რეგიონის, ისე მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით პანდემიის გამო არსებული ეკონომიკური ვითარების პირობებში.
„ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ადგილობრივი წარმოების შემდგომი აღორძინებისთვის. ასევე ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ყველა გლობალურ პანდემიას ებრძვის. საქართველოც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეკონომიკურად, მაგრამ ჩვენთვის, მთავრობისთვის ეს არის საფუძველი, რომ გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და ასეთი ქართული წარმოებები ამ დღეებში სულ უფრო მეტი გაიხსნება, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვშრომობთ. შაქარზე ფასების კლება ნელ-ნელა დაწყებულია და ახლა, ასეთი მასშტაბური ადგილობრივი წარმოება რომ გვქნება, ეს საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე მეტად ხელმისაწვდომი ფასები იყოს. გარდა ამისა, აგარის შაქრის წარმოების განახლებით დასაქმდა 500 ადგილობრივი, რაც კიდევ ერთი დიდი სარგებელია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენლის ნიკოლოზ ნათბილაძის ინფორმაციით, ქარხანა მთელი წლის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს და 60-65 ათას ტონამდე შაქრის წარმოებას გეგმავს, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.