პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოში პენსია, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად გაიზრდება. პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით (81 მომხრე) მხარი დაუჭირა.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, პენსიის ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება პარლამენტში წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას.

რაც შეეხება ზრდის ოდენობას, პენსია ყოველწლიურად შემდეგი მეთოდით გაიზრდება:

  • 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;
  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის - ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

ინფლაცია და მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად განისაზღვრება.

ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.