ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადადება სთხოვა, ისრაელია. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
შესაბამისად, ისრაელი აღარ იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც, როგორც ანონსდებოდა, 1-ელი ივლისიდან საქართველო ტურისტებს მიიღებს.
შეგახსენებთ, საქართველო საერთაშორისო ტურისტებს სწორედ 1-ელი ივლისიდან ელის. პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებდა, რომ სავარაუდოდ, ისრაელი იქნებოდა პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა, თუმცა როგორც პრემიერმა გუშინ განაცხადა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო, ზოგიერთმა ქვეყანამ „ცოტა ხნით დალოდება“ ითხოვა.
“მთავრობა აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან, რომელთანაც მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული და დასრულებულიც გვქონდა, თუმცა ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა თვითონ ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დაველოდოთ,”- განაცხადა პრემიერმა გუშინ, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.