კოვიდ 19–ით გამოწვეული პანდემიის პირობებში მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდა სამედიცინო სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი.
სამედიცინო წრეებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, თუ რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც მწვავე და ქრონიკული დაავადება აქვს და კორონავირუსით ინფიცირების შიშის გამო საჭირო სამედიცინო სერვისი მიღებისგან თავს იკავებს.
Forbes-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში აშშ-ში გარდაიცვალა პაციენტი გულის ინფარქტით, რადგან კორონავირუსისგან პრევენციის მიზნით მან არ მიმართა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და სახლში დარჩენა ამჯობინა. ამ და სხვა საგანგაშო მონაცემების გამო, ექიმები სიკვდილიანობის ახალი ტალღის მოლოდინში არიან.
გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიმართვიანობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული საქართველოშიც. „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო დირექტორი გიორგი კორძახია განმარტავს, რომ პანდემიის პირობებში კლინიკაში მიმართვიანობამ იკლო.
„ადამიანებს ეშინიათ და სიფრთხილეს იჩენენ საავადმყოფოებში მისვლის დროს, რაც საბოლოოდ მომართვიანობის შემცირებას იწვევს. პიკურ პერიოდში გეგმიური მომართვიანობა მიახლოებით 80%–ით შემცირდა. რაც შეეხება ურგენტულ მომართვიანობას, ის შეგვიძლია გავყოთ ორად - მოზრდილთა პოპულაცია და ბავშვთა პოპულაცია. პიკურ პერიოდში ბავშვთა პოპულაციაში 90%–ით შემცირდა გადაუდებელი მომართვიანობა, მოზრდილებში კი – დაახლოებით 40–50%–ით. კლება დაფიქსირდა იმ მიმართულებებშიც, სადაც ჩვენი შეხედულებით პანდემიას გავლენა არ უნდა მოეხდინა. მაგალითად, კარდიოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებები არ არის დამოკიდებული კორონავირუსზე და ეპიდემიურ სიტუაციას ამ მიმართულებით მომართვიანობაზე გავლენა არ უნდა ჰქონოდა, თუმცა რეალურად ასე მოხდა. რეალურად ამ დაავადებების პრელევანტობა და ინციდენტობა არ შემცირებულა, მაგრამ მომართვიანობა ნამდვილად მთელ მსოფლიოში შემცირებულია.“
რა რისკები ახლავს ექიმთან მიმართვისგან თავის შეკავებას და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ?
მსოფლიოს ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით, კოვიდ19–ის პანდემიის გამო მსოფლიოში ხდება სხვადასხვა ონკოლოგიური, კარდიოვასკულარული და მათ შორის, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დეპრიორიტეტიზაცია, შეფერხება და ზოგ შემთხვევაში შეწყვეტაც კი მოხდა. ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოში. შედეგად ვღებულობთ დაგვიანებულ დიაგნოსტირებას და მკურნალობის დაგვიანებით დაწყებას. საბოლოო შედეგი კი წარუმატებელი მკურნალობაა. დაავადებების გარკვეულ ჯგუფში დროულ დიაგნოსტირებას და მკურნალობის დროულ დაწყებას ქვაკუთხედური და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამაზე არის დამოკიდებული, როგორც გამოჯანმრთელების საკითხი, ისე ავადობის ხანგრძლივობა. დაგვიანების შემთხვევაში ცუდი გამოსავლის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება.
მაგალითად, ბრიტანეთში, „ბრიტანეთის გულის ფონდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ათასობით ადამიანი შესაძლოა იყოს გულის დაავადებათა გართულების მაღალი რისკის ქვეშ, საჭიროებდეს ინტენსიურ თერაპიას და იღუპებოდეს სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის არქონის გამო. ახალი მონაცემებით, 50%-ით არის შემცირებული ინფარქტის სიმპტომების შედეგად პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. კერძოდ, ინგლისში, 2020 წლის მარტის დასაწყისში ყოველდღიურად 300 ადამიანი ხვდებოდა საავადმყოფოში გულის ინფარქტის სიმპტომებით, ხოლო ამავე წლის მარტის ბოლოს, მაჩვენებელი 150-მდე დაეცა. მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, ყოველთვიურად 5000 ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს გულის ინფარქტი, არ მიმართავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ლონდონში 38%-ით შემცირდა გადაუდებელი ინტერვენციული პროცედურების ჩატარების მაჩვენებელი. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის დაავადებების გართულების ან სიკვდილობის მნიშვნელოვანი ზრდა.
საგანგაშო მდგომარეობაა აშშ-ში. „მედსქეიფის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ეხება აშშ-ში ინსულტის მქონე პაციენტების მიმართვიანობას გადაუდებელი დახმარების ცენტრებში. კორონავირუსით დაავადების რისკის ასაცილებლად ინსულტის მქონე პაციენტები ამჯობინებენ სახლში დარჩენას და არ მიმართავენ კლინიკებს გადაუდებელი დახმარების მისაღებად. მაგალითად, ჩიკაგოში 30%-ით შემცირდა ინსულტის სიმპტომების მქონე პაციენტების კლინიკებში მიმართვიანობა. ექიმები ვარაუდობენ, რომ პაციენტები მიმართავენ თვითმკურნალობას ან მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს. ასევე, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინსულტის ცენტრში 50%-ით არის შემცირებული ინსულტის დროს მიმართვიანობა და ასევე მნიშვნელოვნად შემცირებულია თრომბექტომიის პროცედურები.
განსაკუთრებით რომელი დაავადების მქონე პაციენტებისთვისაა მნიშვნელოვანი დროული მიმართვიანობა?
საბოლოოდ, ყველა დაავადება მისი გამწვავების ფაზაში არის სიცოცხლისთვის საშიში. ამიტომ არც ერთი დაავადების მქონე ადამიანისთვის დაგვიანებული მიმართვა სასურველი არ არის. არ აქვს მნიშვნელობა მარტივი პნევმონიაა თუ ლოკალური ინფექციის კერა, საბოლოოდ შეიძლება სერიოზული გართულების წინაშე აღმოვჩნდეთ.
განსაკუთრებით კი გამოვყოფ ონკოლოგიურ და კარდიო–ვასკულარულ დაავადებებს. ეს უკანასკნელი აერთიანებს როგორც კარდიოლოგიას, ისე ნევროლოგიას. ეს სამი ჯგუფი არის ყველაზე მეტი რისკის შემცველი.
ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში დროული მიმართვიანობა. ზოგადად, პედიატრიულ ასაკში ძალიან ცოტა დაავადება მიმდინარეობს სიცხის გარეშე. მაგალითად, რევმატოლოგიური დაავადებას მაღალ პროცენტში თან ახლავს სიცხე. ამიტომ სიცხის გამო ექიმთან მიმართვიანობის დაგვიანებას სერიოზული გართულება შეიძლება მოჰყვეს. ეს ყველაფერი ამ ეტაპზე არ არის ძალიან თვალსაჩინო, მაგრამ ახლო მომავალში შეიძლება სერიოზული პრობლემის სახით წარმოჩინდეს.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ როგორ ხდება უსაფრთხოების ზომების დაცვა და რამდენად უსაფრთხოა სხვადასხვა პროფილის ექიმთან ვიზიტი?
დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტების სწორად სორტირებას და შესაბამისად მათ მოთავსებას სტაციონარსა თუ ამბულატორიულ სივრცეში, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ჩვენ რეკომენდაციების კვალდაკვალ დავიწყეთ შემომსვლელების თერმოსკრინინგი, ანამნეზური მონაცემებისა და მოგზაურობის ისტორიის შემოწმება და შესაბამისად გადაწყვეტა, არსებობს თუ არა კლინიკაში დაავადების შემოტანის რისკი. თუ გარკვეული რისკი გამოიკვეთა, აღნიშნული პაციენტები თავსდებიან სპეციალურ სივრცეში, სადაც დამატებითი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული დეტალებია გათვალისწინებული უსაფრთხოებისთვის. ამ გზით ხდება თითოეული პაციენტის უსაფრთხოების დაცვა. პაციენტები, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, უტარდებათ ტესტირება COVID-19–ზე. ამ მიმართულებით ლუგარის ლაბორატორიის ქვეკონტრაქტორები ვართ.
ყველა რისკი და ანალიზის პასუხი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად იშიფრება. სიცხე შესაძლოა COVID-19–ის ინფექციის შედეგი იყოს და ამავე დროს ის შესაძლოა იყოს ნაწლავთა გაუვალობის ან აპენდიციტის ერთ-ერთი სიმპტომი. შესაბამისად, სიცხის არსებობის გამო არ შეიძლება სასწრაფო და გადაუდებელი მდგომარეობების სწორი მართვის გადავადება და დაგვიანება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პაციენტების ტრიაჟზე, სწორ სორტირებასა და იზოლაციაზე. ამ დრომდე საკმაოდ წარმატებით ვუძღვებით აღნიშნულ საქმეს და „ნიუ ჰოსპიტალსში“ COVID-19–ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აგრეთვე, პაციენტებისა და მათი ახლობლების კომფორტისთვის, შევქმენით პაციენტებთან საკომუნიკაციო სივრცე, საიდანაც შესაძლებელია სტაციონარში ან რეანიმაციაში მყოფ პაციენტებთან ვიდეოკომუნიკაციის დამყარება. ეს საჭირო გახდა, რამდენადაც პაციენტთა უსაფრთხოების დასაცავად პანდემიის პირობებში შეიზღუდა პაციენტების მონახულების საათები.
რას ურჩევდით პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული ან მწვავე დაავადებები და თავს იკავებენ ექიმთან ვიზიტისგან?
როგორც ქრონიკული ისე მწვავე დაავადებების შემთხვევაში, ექიმთან დაგვიანებულმა ან გამოტოვებულმა ვიზიტმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების მიმდინარეობის დამძიმება და არასასურველი შედეგების დადგომა. ხანგრძლივდება მკურნალობის დრო და იზრდება დანახარჯები. აქედან გამომდინარე, ზემოთხსენებული შემთხვევის დადგომისას, ჩვენ ვურჩევთ პაციენტებს, მწვავე მდგომარეობისას მიმართონ „ნიუ ჰოსპიტალსის“ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, ხოლო ქრონიკული პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არ შეწყვიტონ ურთიერთობა თავიანთ მკურნალ ექიმთან და გააკონტროლონ თავისი მდგომარეობა მიწოდებული რეკომენდაციების თანახმად. „ნიუ ჰოსპიტალსი“ თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს სამედიცინო სივრცის შესაქმნელად, სადაც მაქსიმალურად შემცირებულია COVID-19–ის ინფექციის გავრცელების საშიშროება.