თბილისის მერია 300 ახალ მიკროავტობუსს იყიდის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მომდევნო დღეების განმავლობაში გამოაცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე და პირველ ეტაპზე 300 ერთეულს შეისყიდის. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება.

„დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დააკლდა მუნიციპალიტეტს, ეს რა თქმა უნდა, ცუდია. ეს ყველაფერი აისახება იმ პროექტებზე, რომლის განხორციელება უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჩვენ ისე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ და გამოცხადებული იყო უკვე ტენდერი შესყიდვაზე, ეს იყო მიკროავტობუსების შეძენა. იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და რა თქმა უნდა, მიკროავტობუსებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ პოლიტიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ტრანსფერის სახით დამატებითი თანხის წამოღების შესაძლებლობა მოგვეცა ცენტრალური ბიუჯეტიდან და ეს თანხები იქნება გამოყენებული მიკროავტობუსების შესაძენად. მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე, 300 ერთეული იქნება პირველ ეტაპზე. მთლიანად მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კალაძემ.