ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანრმთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელიდან ტურისტების მიღებაზე მიღწეული შეთანხმება, აღნიშნულ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო არ გაფორმდა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება.
„ბოლომდე გვაქვს მიყვანილი, ხელმოწერის დონეზე ისრაელთან შეთანხმება ტურისტების ისრაელიდან შემოყვანაზე. მწვანე კორიდორი, პირველი, რომელთანაც დავალაგეთ, იყო ისრაელი. მე პირადად ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და ყველაფერი მზად იყო, შეთანხმებული ვიყავით იმაზე, რომ პირველი რეისები უნდა გაგვეშვა. ჩვენ რომ დავთქვით თარიღი, 15 ივლისი ვთქვით საერთაშორისო ტურისტების გასახსნელად. ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. ზუსტად ერთი კვირის წინ იქ უბრალოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გაყავთ კარანტინში. რამდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანრმთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ აქ ფრთხილი, გონივრული, დაბალანსებული ნაბიჯებია საჭირო, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ასე ფრთხილად და გონივრულად, ყველამ ერთად გავიაროთ სამშვიდობოს. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია დღეს საქართველო. როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად, უსაფრთხოდ, მოქალაქეზე, ადამიანზე ზრუნვით ვუმკლავდებით ამ გამოწვევას. ეს უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე და არ უნდა გამოვეკიდოთ მაღალი რისკის შემცველ იდეებს,“ - განაცხადა გახარიამ.