დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის მეტროში დამონტაჟებულია 500კმ ძალოვანი და განათების კაბელი.
“ეს სამუშაოები დაიწყო გასული წლის ზაფხულში და წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 15 მილიონი დოლარი. სამუშაოების თურქული კომპანიების კონსორციუმი ასრულებს. სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობდა. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა სამუშაოები იქნა ჩატარებული მეტროში. დამონტაჟებულია 500კმ ძალოვანი და განათების კაბელი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვესადგურის კაბელების მიერთება, რომელიც 5 მეტროსადგურში- “ახმეტელი”, “სარაჯიშვილი”, “გურამიშვილი”, “სადგურის მოედანი”, “მარჯანიშვილი” დასრულებულია და ეტაპობრივად ყველა სადგურში მოხდება ანალოგიური სამუშაოების წარმოება. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ასევე დაგეგმილი გვქონდა გამნიავებელი სისტემების მთლიანი ცვლილება. არსებული აგრეგატები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროსაა დადგმული, იყო უმძიმეს მდგომარეობაში და ამ პროექტის ფარგლებში მოხდება მთლიანად ჩანაცვლება. რაც შეეხება გამნიავებელი სისტემის შეცვლას, პროექტით გათვალისწინებილი 32 ვენტილატორიდან 30 კომპლექტი უკვე ჩამოსულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი დამონტაჟება. 30-დან 12 უკვე დამონტაჟებულია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, მეტროში იყოს უსაფრთხოება, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება ყოველდღიურ რეჟიმში”,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს არსებული ვაგონების განახლება. “გამოცხადებული გვაქვს საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩართულობით, მეტროს ახალი ვაგონების შეძენასთან დაკავშირებით. ძალიან მალე გვეცოდინება, თუ რომელი კომპანიაა გამარჯვებილი. ყველა საერთაშორისო დიდი კომპანიაა დაინტერესებული ამ ტენდერით და დარწმუნებული ვარ, მალე ქალაქს ეყოლება მეტროს ახალი შემადგენლობები”,- განაცხდა კალაძემ.