ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში ორი მიმართულებით უმცირდება, მათ შორის საერთაშორისო პროექტების მიმართულებით

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში ორი მიმართულებით უმცირდება, მათ შორის საერთაშორისო პროექტების მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს განიხილავდნენ.

საქმე ეხება საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც საავიაციო მიმართულებით თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, საუბარი არ არის მის შეჩერებაზე და მხოლოდ გადავადება ხდება.

„ჩვენ გვიწევს ხარჯვითი ნაწილის შემცირება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში. აქ არის ორი მიმართულება - ერთი არის სამშენებლო მიმართულება, მეორე არის საფრანგეთის კრედიტით დაფინანსებული პროექტი. მოხდება დროში გადავადება გარკვეული პროექტების. რაც შეეხება ადგილობრივ პროექტებს, ეს არის პროექტები, რომელიც მიმდინარეობს და დროში იქნება გადავადებული. შესაბამისად, არც ერთი პროექტის გაუქმება არ ხდება.

ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია საფრანგეთთან, გულისხმობს საავიაციო სფეროში თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თანხების ამ მიმართულებით შემცირება პრობლემას არ შექმნის, ვინაიდან ხელშეკრულება არის მოწოდებაზე დაფუძნებული, რაც იქნება მოწოდება კონტაქტორის მხრიდან, იმის მიხედვით მოხდება ანაზღაურება,"- განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, საფრანგეთთან აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში დაიწყო. ხელშეკრულება საფრანგეთთან თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს გაფორმდა.