კახა კალაძის განცხადებით, მოსკოვის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ ზოლზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ ზოლზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

კალაძის თქმით, კონკრეტული სივრცე 2კმ-ზე მეტია და მისი მთლიანი რეაბილიტაცია და გამწვანება მოხდება.

„სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე არსებული შუა ზოლი, რომელიც გზაგამყოფია, თუმცა წლების წინ ტრამვაი გადაადგილდებოდა, ამ გზაგამყოფზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ რეკრეაციული სივრცე ახალი ხე-მცენარეებით, სარწყავი სისტემებით, ველობილიკით, ასევე ბავშვებისთვის სპეციალური ატრაქციონები იქნება განთავსებული. დაახლოებით 2 კმ-ზე მეტია ეს კონკრეტული სივრცე და მთლიანად იქნება რეაბილიტირებული, მთლიანად იქნება გამწვანებული და მოწესრიგებული. მე სამგორის რაიონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი და პირობა მივეცი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მოსკოვის გამზირზე ეს კონკრეტული სივრცე იქნებოდა მოწესრიგებული, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ოჯახებით დაისვენონ ლამაზ, მწვანე გარემოში“,- განაცხადა კალაძემ.