პრემიერის განცხადებით, ტურისტების მისაღებად საქართველო მოლაპარაკებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან მართავს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო ტურისტების მისაღებად საქართველო მოლაპარაკებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან მართავს. როგორც მან „ინტერპრესნიუსის“ კითხვის პასუხად აღნიშნა, გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

„ჩვენ ასჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა არის არაპროგნოზირებადობა. ჩვენ ფაქტობრივად სამუშაო დონეზე ყველაფერი გვაქვს მზად. საქართველო ყველაფრისთვის არის მზად, იმისთვის, რომ მიიღოს ტურისტები, ოღონდ, რა თქმა უნდა, მწვანე რეგიონებიდან, როგორც ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ „კოვიდისგან“ სუფთა ქვეყანა, იმიტომ რომ ვისწავლეთ და ვმართავთ ინფექციის განვითარებას, ვისწავლეთ მისი მკურნალობა, მისი გავრცელების რისკების შეფასება და აქ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს მიღწევები და პირველ რიგში, რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უკიდურესად გონივრული და ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. კარგი მაგალითია ის გზა, რაც გავიარეთ ისრაელთან. ყველაფერი მზადაა ხელმოსაწერად, თუმცა ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რაც გართულდა ისრაელთან, რა თქმა უნდა, დავსხედით და ვთქვით, რომ ეს უნდა გადავდოთ,“ - განაცხადა გახარიამ.