საქპატენტის თავმჯდომარის მინდია დავითაძისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) აღმასრულებელი დირექტორის კრისტიან არშამბოს გაცნობითი შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
EUIPO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მინდია დავითაძეს საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. მხარეებმა განიხილეს საქპატენტისა და მისი სტრატეგიული პარტნიორის – EUIPO-ს თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების მიმდინარეობა.
მინდია დავითაძემ მადლობა გადაუხადა EUIPO-ს აღმასრულებელ დირექტორს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომლის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა საქპატენტის ბაზების EUIPO-ს სხვადასხვა ინსტრუმენტთან ინტერგაცია, რამაც უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახადა საქპატენტში საქმისწარმოების პროცესი, როგორც ექსპერტებისთვის, ისე მომხმარებლებისათვის. კერძოდ, უცხოელ მომხმარებლებს საშუალება მიეცათ საქართველოში რეგისტრირებული ნიშნების შესახებ ინფორმაცია EUIPO-ს ვებგვერდზე მოიძიონ, ქართველ განმცხადებლებს კი შესაძლებლობა გაუჩნდათ EUIPO-ს მონაცემთა ბაზებში ძიება განახორციელონ ქართული ინტერფეისის გამოყენებით.
თავის მხრივ, კრისტიან არშამბომ აღნიშნა, რომ საქპატენტი რეგიონში ლიდერი უწყებაა EUIPO-სთან წარმატებული თანამშრომლობის კუთხით. მან ხაზგასმით აღნიშნა საქპატენტის შეუფერხებელი მუშაობა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდში, რასაც ადასტურებს ის, რომ ამ პერიოდში საქპატენტმა წარმატებით დაასრულა EUIPN-ის წევრების მიერ შემუშავებული სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის პრაქტიკის დოკუმენტების ადაპტაცია/დანერგვა და გახდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების უწყებებს შორის პირველი, რომელმაც სრულად გაიზიარა ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკა სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების ექსპერტიზასთან დაკავშირებით.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს EUIPO-სთან თანამშრომლობის ახალი პროექტის – EUGIPP-ის მიმდინარეობა. „ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP)“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც ხორციელდება საქპატენტისა და EUIPO-ს ურთიერთთანამშრომლობით და მისი ბიუჯეტი შეადგენს 1,2 მლნ ევროს. პროექტი მიზნად ისახავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის მოქმედი ინსტიტუციების გაძლიერებას, კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოებას და ჰარმონიზაციას. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის საძიებო ინსტრუმენტის – ჰარმონიზებული მონაცემთა ბაზის (HDB) დანერგვა და, ასევე, იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
მინდია დავითაძემ იმედი გამოთქვა, რომ უწყებებს შორის გაფორმდება ახალი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და, პანდემიის დასრულებისა და ქვეყნებს შორის თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, კრისტიან არშამბო სამუშაო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
EUIPO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მინდია დავითაძის მიწვევა მიიღო და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, შესაძლებლობის შესაბამისად ეწვიოს საქართველოს. მან თანხმობა განაცხადა მემორანდუმის განახლებაზე, რომლისთვისაც მოსამზადებელ პროცედურებს ორგანიზაცია დაიწყებს დროულად, ისე, რომ შესაძლებელი გახდეს წლის ბოლოს მისი ხელმოწერა.
EUIPO არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის სასაქონლო ნიშნისა და დიზაინის მართვაზე და ახორციელებს ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების რეგისტრაციას ერთი განაცხადის საშუალებით. ორგანიზაცია, ასევე, უზიარებს გამოცდილებას და ეხმარება პრაქტიკის ჰარმონიზებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს და საერთაშორისო პარტნიორებს.