გაძვირდება თუ არა მატარებლით მგზავრობა

მიკროავტობისებით და ავტობუსებით საქალაქთაშორისო გადაადგილების შემდეგ, 15 ივნისიდან მგზავრთა გადაყვანას იწყებს საქართველოს რკინიგზაც. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა თბილისიდან ყველა რეგიონის მიმართულებით გაძვირდა. ფასმა, საშუალოდ, 2-3 ლარით მოიმატა. იყო ვარაუდი, რომ ტარიფს გაზრდიდა საქართველოს რკინიგზაც.

თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მგზავრობის ღირებულება არც ერთი მიმართულებით არ გაძვირებულა. კერძოდ, თბილისი-ზუგდიდის დილის მატარებლით მგზავრობა კვლავ 15 ლარია, თბილისი-ბათუმის რეისზე ბილეთის ფასი პირველ კლასში - 60 ლარი ღირს, მეორე კლასში - 24 ლარი.