ევროპელი ფოლადის მწარმოებლები ევროკავშირს იმპორტის კვოტების შემცირებისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ მიწოდებამ შეიძლება საფრთხეს შეუქმნას ევროპაში იმ ინდუსტრიას, რომელიც კორონავირუსული პანდემიის შედეგად ისედაც სერიოზულად დაზარალდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
”ევროპული ფოლადის ინდუსტრია სერიოზული რისკის ქვეშაა, რადგან (ევროპული) კომისიის შეთავაზებაში, რომელიც ფოლადის წარმოებისთვის დამცავი ზომების მიღებას გულისხმობს, გათვალისწინებული არ არის მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა,” - ნათქვამია წერილში, რომელიც გავრცელებულია Eurofer-ის ინდუსტრიული ჯგუფის მიერ.
მარტიდან ევროკავშირში ფოლადზე მოთხოვნა 50% -ით შემცირდა, ხოლო ინდუსტრიაში დასაქმებული მუშახელის 40% ან ნახევარგანაკვეთზე გადავიდა ან დამსაქმებლებმა განუსაზღვრელი დროით შვებულებაში გაუშვეს. ამიტომ, მწარმოებლები ევროკავშირისგან იმპორტის კვოტების შემცირებას ითხოვენ.
განცხადებას ხელს აწერენ მსოფლიოს უდიდესი ფოლადის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები, მათ შორის, ArcelorMittal-ის, Tata Steel-ის, ThyssenKrupp-ის და Salzgitter-ის.