კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის სულ მცირე 2 წელია საჭირო, - ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური რეცესია გამოიწვია ბოლო ასწლეულის მანძილზე.
„პანდემიამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური რეცესია გამოიწვია ბოლო ასწლეულის მანძილზე. ის აყენებს უზარმაზარ ზიანს ადამიანების ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და სამუშაო ადგილებს”, - აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაცია მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენების განვითარების ორ სცენარზე საუბრობს. ანგარიშის თანახმად, პირველი სცენარის შემთხვევაში, იმ პირობებში, თუკი ინფექციის მეორე ტალღის გამო საკარანტინო რეჟიმები კვლავ დაწესდება, 2020 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა 7.6%-ით შემცირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ მეორე ტალღა არ იქნება, მსოფლიო ეკონომიკის 6%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი.