დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა გაცემული.
როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საზოგადოება მოეშვა, რის გამოც კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება.
მისივე თქმით, გართულდა ინფიცირების პირველწყაროს დადგენა.
„დღეს დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა. დღის განმავლობაში ისევ შემთხვევათა რაოდენობის ზრდის ტენდენციის ნიშნებია. ჯერ მიმდინარეობს კვლევები, არ დასრულებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ გვექნება რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა. ამავე დროს, რთულია იდენტიფიცირება პირველწყაროსი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემსუბუქების პერიოდში საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსი, რის გამოც აღარ იცავს რეკომენდაციებს ან ნაკლებად იცავს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა, ინფექცია არის ჩვენთან ერთად და ტრიალებს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით ნაკლები დაზიანებით მიდის, ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას, რადგან ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას - ნუ მოვეშვებით! დავიცვათ ყველა მთავარი რეკომენდაცია: სოციალური დისტანცირება, პირბადის გამოყენება დახურულ შენობაში და ყველა სატრანსპორტო საშუალებაში, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, ხელების დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით, დისტანციური მუშაობის უპირატესობა, თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება. ხაზს ვუსვამ, ახლა ზაფხულში, როდესაც დათბა, ყველას უნდა ერთად ყოფნა და დღესასწაულების აღნიშვნა, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან იმიტომ, რომ ეს არის მომატებული რისკი ქვეყანაში ინფექციის გავრცელების და ამის გარკვეული ნიშნები უკვე გამოჩნდა დღეს. განსაკუთრებით, როცა ამუშავდნენ რესტორნები და კაფეები, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირების დაცვა. ასევე, ყველა ამ დაწესებულებაში, შესაბამისი სანიტაიზერებისა და ხელის დასამუშავებელი საშუალებების არსებობა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, კორონავირუსის სიმპტომების აღმოჩენისთანავე, მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.
„მოვუწოდებ მოსახლეობას, პირველივე სიმპტომების გამოვლენის დროს, პირდაპირ მივმართოთ ოჯახის ექიმს ან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს. ეს სიმპტომებია: ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, ხველა“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება იმას, რამდენად არის შესაძლებელი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს, გამყრელიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულის საჭიროება არ დადგება.
„ამ ეპიდსიტუაციით, რაც ჩვენს ქვეყანაშია ახლა, არავითარი მონაცემი არ არის იმის, რომ შეზღუდვები აღდგეს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, მეტი დამყოლობისკენ. დღეში 5,7,10 ახალი შემთხვევა არაა საფუძველი იმისა, რომ შეზღუდვები აღდგეს, თუ ჩვენ დავიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ვიძლევით, მაგრამ არის იმის ნიშნები, რომ ხალხი მოეშვა შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში. შემსუბუქება გარდაუვალია იმიტომ, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას და ხალხს უნდა მიეცეს საშუალება, მეტი შემოსავალი მიიღონ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. სწორი ბალანსია დასაცავი შეზღუდვების შემსუბუქებასა და შესაბამისად მზადყოფნას შორის“, - განაცხადა გამყრელიძემ.