პირებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირბადის ტარება არ შეუძლიათ, შესაბამისი ცნობა მუდმივად თან უნდა ჰქონდეთ და დაჯარიმებას არ დაექვემდებარებიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პირებმა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და ფიზიკურად არ შეუძლიათ პირბადის ტარება, უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და აიღონ შესაბამისი ცნობა.

როგორც ოხანაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ასეთმა ადამიანებმა მუდმივად თან უნდა იქონიონ აღნიშნული ცნობა და ისინი ამ შემთხვევაში, დაჯარიმებას არ დაექვემდებარებიან.

„ნებისმიერ პირს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ფიზიკურად არ შეუძლია პირბადის ტარება, შეუძლია, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და აიღოს ცნობა. სამედიცინო დაწესებულებები აღნიშნულზე უკვე გაფრთხილებულნი არიან. არის შესაბამის გაიდლაინები, როგორც პატრულის თანამშრომლებისთვის, ასევე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომ ის ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და პირბადის ტარებამ, შესაძლებელია, მათი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, ასეთი ცნობის არსებობის შემთხვევაში, რომელიც მათ ყოველთვის თან უნდა იქონიონ, ეს ადამიანები დაჯარიმებას არ დაექვემდებარებიან “, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.