"უნდა განვავითაროთ ტრანსპორტი, რომელიც რადიკალურად შეცვლის მობილობას უკეთესობისკენ - 300 მიკროავტობუსი პრაქტიკულად არავითარ ცვლილებას არ გამოიწვევს"

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, სიახლე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი მომდევნო დღეების განმავლობაში გამოაცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე და პირველ ეტაპზე 300 ერთეულს შეისყიდის, ფაქტობრივად, უკან, წარსულში დაბრუნებაა.

ლალიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, რომ განცხადება, რომელიც დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა, პანდემიის შემდგომ პერიოდში აქტუალური არ არის და მიკროავტობუსების შეძენის ნაცვლად, ქალაქში განვითარება სხვა მიმართულებით უნდა წარიმართოს.

„ინიციატივა, რომელიც დღეს კვლავ გაჟღერდა, პირველად რამდენიმე თვის წინ იყო წამოყენებული, COVID-ამდე პერიოდში, და მაშინაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ვერ ვიტყვი, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოძველებულია, რაც COVID-ამდე იყო, COVID-ის შემდეგ კი სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ის ტრანსპორტი უნდა განვავითაროთ, რასაც დღევანდელი და ხვალინდელი ჰქვია, მით უმეტეს, თუ ვხედავთ, რომ ამის ბიუჯეტი არსებობს. უნდა განვავითაროთ ტრანსპორტი, რომელიც რადიკალურად შეცვლის გადაადგილებას, მობილობას უკეთესობისკენ, და არა 300 მიკროავტობუსი, რომელიც პრაქტიკულად არავითარ ცვლილებას არ გამოიწვევს, გარდა უკან დაბრუნებისა. 300 მიკროავტობუსი გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს ჩვენს სატრანსპორტო სისტემაში, ეს გუშინდელი დღეა, პირიქით, უნდა ვეცადოთ, მეტი მოდერნიზებული ახალი ავტობუსი შევიძინოთ და განვავითაროთ ველობილიკები, რადგან სწორედ ესაა ხვალინდელი დღე“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ისაუბრა პანდემიის შემდგომ ტენდენციებზე სატრანსპორტო მიმართულებით და აღნიშნა, რომ სისტემის მიმართ მიდგომა მსოფლიოში აბსოლუტურადაა შეცვლილი.

„ყველამ ერთხმად აღიარა, რომ განცალკევებული, იზოლირებული ტრანსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ პერიოდში. პანდემიის პერიოდმა ეკოლოგიის მნიშვნელობაც დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია კერძო ავტომობილების შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისება. დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ თანხებით, რაც გამოყოფილია 300 მიკროავტობუსის შესაძენად, ან მათი გარკვეული ნაწილით მაინც, უახლოეს თვეებში ველოინფრასტრუქტურა განვავითაროთ, რასაც დედაქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრი - ათასობით თუ ათიათასობით მომხმარებელი ეყოლება, მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში. გვესმის, რომ ქალაქისთვის ეკოლოგიური მდგომარეობაა პრიორიტეტი, გვესმის, რომ ველობილიკებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების დანახვა გვინდა, რის გასაკეთებლადაც, ჩემი მოსაზრებით, სწორედ ეს პერიოდია საუკეთესო. ევროპის ქალაქები ძალიან სერიოზულ ბიუჯეტს დებენ იმისთვის, რომ სადაც ველობილიკები აქტიურად არ იყო დახაზული, ეს ინფრასტრუქტურა მოეწყოს, რათა ადამიანები მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ ტრანსპორტზე გადმოსხდნენ“, - აღნიშნა ლალიაშვილმა.