ამერიკელი კონგრესმენები - კონგრესმა საქართველოს მზაობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობა უნდა განაგრძოს

საქართველო აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირეა, რომელმაც საკუთარი ჯარი ავღანეთსა და ერაყში გააგზავნა, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, რომელსაც 13 ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს ხელს.

დოკუმენტში სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“ - საუბარია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ამოქმედებით ქვეყნის მზაობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე.

„სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ კონგრესმა საქართველოს მზაობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობა უნდა განაგრძოს და საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის დამტკიცებით, სამხედრო დახმარების შეთავაზებითა და ნატო-სთან ფუნქციონალური თავსებადობის გაუმჯობესებით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს ძალისხმევას მხარი უნდა დაუჭიროს. საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც მიიღო წარმომადგენელთა პალატამ, მაგრამ არა სენატმა, ადგენს, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, იმუშაოს საქართველოსთან რუსული დეზინფორმაციის დასამარცხებლად და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ასევე მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა დააწესოს სანქციები უცხო პერსონების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილე არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტს ხელს აწერენ კონგრესმენები: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ანნა ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სთაილი და მაიკლ უოლცი.