საქართველოში წარმოებული პირბადეების ექსპორტზე მოლაპარაკებები იტალიასთან, აშშ-სთან, რუსეთთან, ავსტრიასა და ისრაელთან მიმდინარეობს

საქართველოში წარმოებული ერთჯერადი პირბადეების ექსპორტთან დაკავშირებით კომპანია „მედიფარს“ მოლაპარაკებები იტალიასთან, აშშ-სთან, რუსეთთან, ავსტრიასა და ისრაელთან აქვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მედიფარის“ გაყიდვების მენეჯერმა, მარიამ ბურჭულაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კომპანია თვის განმავლობაში 4 მილიონამდე ერთჯერად პირბადეს აწარმოებს.

„ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია სხვადასხვა ქვეყანასთან. მოლაპარაკების პროცესში ვართ იტალიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან, ავსტრიასა და ისრაელთან. ზუსტი დრო, თუ როდის დაიწყება ექსპორტი, არ ვიცით. ასევე მოლაპარაკების საკითხია ფასიც. საქართველოს ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასი გვაქვს, ერთეულის ღირებულება 65 თეთრია, სააფთიაქო ქსელებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს ვამარაგებთ და რაოდენობის მიხედვით ფასი კლებადია.

რაც შეეხება წარმოებას, დღის განმავლობაში 100 000-დან 150 000-მდე პირბადე იწარმოება, თვის განმავლობაში 4 მილიონ ერთეულამდე პირბადეს ვაწარმოებთ,“ - აღნიშნა მარიამ ბურჭულაძემ.