საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს.
დოკუმენტში სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“ - საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.
„სანქციების დაწესება რუსეთის პროპაგანდის ხელმძღვანელებსა და სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედ რუსეთის მარიონეტებზეც უნდა მოხდეს. სანქციები არ შეხებიათ პუტინის იმ გულითად უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს,“- აღნიშნულია დოკუმენტში.
ამ კონტექსტში დოკუმენტში ნახსენები არიან უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი და „საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი.
„ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაოს სია, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რაც დაეხმარებოდა კონგრესს, გადაეწყვიტა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც გარკვეულ პირებს თუ ორგანიზაციებს კრემლის სასარგებლოდ მუშაობაში ხელს შეუშლიდა.
დოკუმენტს ხელს აწერენ კონგრესმენები: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ანნა ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სთაილი და მაიკლ უოლცი.