„ტესლას“ აქციების ფასი 1000 დოლარს ასცდა

იმ დროს, როცა მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, „ტესლას“ აქციების ფასი 1000-დოლარიან ზღვარს ასცდა. ელექტრომობილების ამერიკელი მწარმოებლის აქციების ფასი, წლის დასაწყისიდან 140 პროცენტით არის გაზრდილი. ამგვარად, საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით, „ტესლა“ მსოფლიოში მეორე ყველაზე ფასეული ავტოკომპანია გახდა „ტოიოტას“ შემდეგ.

აქციების ფასის მორიგი ზრდა, „ტესლას“ მთავარ აღმასრულებელ ილონ მასკის განცხადებას მოჰყვა იმის თაობაზე, რომ დროა, ვირუსთან დაკავშირებული გაჩერების შემდეგ, კომერციულ სატვირთო მოდელ „სემის“ წარმოება სერიული გახდეს.

და ეს ყველაფერი არაა - ინვესტორები ელიან, რომ “ტესლა“ მალე ბაზარს ეგრეთ წოდებულ „მილიონ-მილიან“ ელემენტებს წარუდგენს, რომლებიც უფრო იაფიც ეღირება, დიდხანსაც იმუშავებს და „ტესლას“ ავტომობილებს ერთი დამუხტვით გაცილებით მეტ მანძილსაც გაატარებს.

მასკის თქმით, სატვირთო ავტომობილისთვის ელემენტების ბლოკს და ძალურ დანადგარს, ქარხანა „გიგა ნევადა“ გამოუშვებს. ავტომობილის დანარჩენ ნაწილებს კი სხვა ქარხნებში დაამზადებენ, რომლებიც მასკს არ დაუკონკრეტებია. მასკი ამბობს, რომ ახალი ქარხნის ასაშენებლად, ამერიკაში შესაფერის ადგილს ეძებს. ამისთვის შესაფერის ადგილებად ტექსასის და ოკლაჰომას შტატები მოიაზრება.

პირვანდელი გეგმით, „ტესლას“ მე-8 კლასის სატვირთო „სემის“ წარმოება შარშან უნდა დაეწყო, მაგრამ მასკი ამბობს, რომ ავტომობილი ბაზარზე 2021 წლამდე გამოვა.