პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ეს არის გლობალური კრიზისი, გლობალური გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, მედიცინური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ამას გაუმკლავდეს მარტო. ამიტომ ჩვენ გვმართებს ურთიერთთანადგომა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა მდგომარეობა, მე პირადად ყოველდღიურ კავშირში ვარ სომხეთის პრემიერთან ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენს მეზობელებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უკვე დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს, ეს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან,“ - განაცხადა გახარიამ.