ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელად საავტომობილო გზა მოეწყობა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელად საავტომობილო გზა მოეწყობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 7 ივნისს დაიწყო და 12 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 11 928 092 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის გზის რეაბილიტაციას და სიგრძით 10 ათასი მეტრის გრუნტის საფარის მოწყობას.

ამასთან, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კონტრაქტორის მშენებლობის გრაფიკში უნდა იქნეს გათვალისწინებული სეზონური და წლიური მუშაობის რეჟიმი. ტენდერში მონაწილემ სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მშენებლობის გრაფიკი, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ აპირებს ის სამუშაოების თანმიმდევრულ განხორციელებას.

სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კალენდარული თვეა.

ფოტოს ავტორი: georgiantravelguide.com

თაია არდოტელი