„ევროკავშირშიც არ არის საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ველოდებით და ამის შემდგომ გადავწყვეტთ “მწვანე ზონების” თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრივობას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნას, გახარიას თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა თითოეულ მოქალაქეს დიდი სიფრთხილე მართებს.
„15 ივნისიდან ჩვენ ვხსნით შიდა ტურიზმს, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც მოქალაქეებს აძლევს ქვეყნის შიგნით უფრო მეტი მოგზაურობის შესაძლებლობას. ასევე, ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას უფრო სწრაფად აღდგეს, მაგრამ აქაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ბიზნეს ოპერატორს, თითოეულ მოქალაქეს, მართებს უკიდურესი სიფრთხილე. მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით ევროკავშირშიც არ არის საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ველოდებით და ამის შემდგომ გადავწყვეტთ მწვანე ზონების თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრივობას, რომელზეც აქტიურად მუშაობს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.