რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც 13 კონგრესმენი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს.

დოკუმენტში საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.

„სანქციების დაწესება რუსეთის პროპაგანდის ხელმძღვანელებსა და სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედ რუსეთის მარიონეტებზეც უნდა მოხდეს. სანქციები არ შეხებიათ პუტინის იმ გულითად უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს,“- აღნიშნულია დოკუმენტში. ამ კონტექსტში დოკუმენტში ნახსენები არიან უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი და „საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი.

ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაოს სია, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რაც დაეხმარებოდა კონგრესს, გადაეწყვიტა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც გარკვეულ პირებს თუ ორგანიზაციებს კრემლის სასარგებლოდ მუშაობაში ხელს შეუშლიდა.

დოკუმენტს ხელს აწერენ კონგრესმენები: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ანნა ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სთაილი და მაიკლ უოლცი.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ერთადერთია, ვინც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში გვხვდება. 10 ივნისის მონაცემებით, მისი ქონება 5.37 მლრდ დოლარია.

5.37 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.11 მილიონი უნცია ოქრო და 132 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0261%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 85%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.36%-ს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.

თაია არდოტელი