ღონისძიების სრული ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროს.
ამის შესახებ აღნიშნულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში, რომელიც კულტურული ღონისძიებების ჩატარებას მოიცავს.
კერძოდ, წესების მიხედვით, ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) დახურულ სივრცეში ჩატარების შემთხვევაში, სტუმართა დაშვება მხოლოდ ნიღბით უნდა მოხდეს; ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე; უნდა აიკრძალოს სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.
ორგანიზატორებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ რეპეტიციის დროსაც. კერძოდ:
- სარეპეტიციო სამუშაო გრაფიკი შეადგინეთ იმგვარად, რომ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრები არ იმყოფებოდნენ უშუალო კონტაქტში ერთმანეთთან;
- დააწესეთ სარეპეტიციო მუშაობის გრაფიკი ცვლების მიხედვით;
- შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ცვლაში არ დაუშვათ 10 (ათი) ადამიანზე მეტი;
- იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი კოლექტივის სარეპეტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროება 10 ადამიანს აღემატება, სარეპეტიციო სივრცეში უზრუნველყავით 5 კვ. მეტრ ფართობზე თითო შემსრულებლის დაშვების შესაძლებლობა, ან მინიმუმ 2 მეტრის უსაფრთხო დისტანცია შემსრულებლებს შორის;
- სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 2 საათს;
- უზრუნველყავით ცვლებს შორის ინტერვალის შესაძლებლობა მინიმუმ 1 – 1,5 საათი;
- ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია/ან გუნდის საფეხურეობრივი განლაგება დისტანციის დაცვით;
- გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯი განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
- მაქსიმალურად შეამცირეთ რეპეტიციების, კონცერტებისა და სპექტაკლების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა;
- უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება;
- აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია;
- კონცერტის, სპექტაკლისა თუ სარეპეტიციო სამუშაოს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, განსაზღვრეთ გამოყენებული რეკვიზიტის, ინსტრუმენტის, მიკროფონის, ხმის აპარატურის/პულტის და სხვა ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით;
- იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია, უზრუნველყავით ხელოვნური ვენტილაციის გამართული მუშაობის რეჟიმი გარედან შემოტანილი ჰაერის ცირკულაციითა და გარეთ გატანით.