ის, რომ ამ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორ რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე რეგიონში, ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან იმ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც საქართველოს რეალურად მისცემს შესაძლებლობას დაბრუნდეს დასავლურ ორბიტაზე, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი 13 ამერიკელი კონგრესმენის იმ განცხადებას, რომლის თანახმად „ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული".
სალომე სამადაშვილის თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომზადდა ძალიან გავლენიანი ჯგუფის მიერ ამერიკის კონგრესში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა საკუთარი სტრატეგიული ინტერესები რეგიონში.
„ის, რომ ამ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი პორდაპირ არის მოხსენიებული, როგორ რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე რეგიონში, ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან იმ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც საქართველოს რეალურად მისცემს შესაძლებლობას დაბრუნდეს დასავლურ ორბიტაზე და ჩამოეხსნას რუსეთის რეგიონალური გავლენის სფეროს. ამიტომ, ეს განცხადება ნიშნავს ერთადერთ რამეს: ბიძინა ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა, ეს გზა არის, პირველ რიგში, 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება, ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგის უპირობოდ მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი, რომელიც უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე აშშ-ს კონგრესის მხრიდან, რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს და არამხოლოდ პოლიტიკურ მომავალს. ამიტომ, დღეს არჩევანი არის ივანიშვილის ხელში. ჩვენი მხრიდან ვფიქრობთ, რომ ამ განცხადების ფონზე კიდევ ერთხელ გვსურს ხელისუფლებას მოვუწოდოთ გამოიყენონ შესაძლებლობის ფანჯარა, საპყრობილედან გაათავისუფლონ უახლოეს დღეებში პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, შეცვალონ კონსტიტუცია და მოემზადონ სამართლიანი, თავისუფალი არჩევნებისთვის ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.