ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, პარლამენტმა ენერგოეფექტურობისა და ენერგოეფექტური შენობების შესახებ კანონპროექტები უკვე დაამტკიცა.
აღნიშნულის მიხედვით, 2021 წლის 30 ივნისის შემდეგ, არ გაიცემა სამშენებლო ნებართვა, თუ პროექტი არ აკმაყოფილებს ენერგოეფეტური ნაგებობის მოთხოვნებს.
ამასთან, ორივე კანონის მიღება საქართველოს ენერგეტიკული რეფორმის შემადგენელია, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირთან „ასოცირების შეთანხმების“ გაფორმებისა და შესაბამისად, საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების საფუძველზე ახორციელებს. საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა შესაბამისი ევროდირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა გავლენას იქონიებს მიღებული კანონი სამშენებლო სექტორზე. როგორც დეველოპერების ნაწილი აცხადებს, გაზრდილი ხარჯი, თავისთავად ნიშნავს პროდუქტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბინების გაძვირებას. მათი თქმით, ზრდა დაახლოებით 5-10% იქნება.
„რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური: „თბოეფექტურობა რომ კარგია, ამაზე არავინ დაობს. თუმცა, რაც უფრო სპეციფიკური და ძვირი მასალები იქნება საჭირო, მით უფრო მეტად გაძვირდება საბოლოო პროდუქტიც. შესაბამისად, ამ კონკრეტულ სიტუაციაში შესაფასებელია, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ეკონომიკაზე, უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებელი როგორ არის შემცირებული, ისევე როგორც უცხოური ინვესტიციები. ამ მოცემულობაში დამატებითი რეგულაციები და ბარიერები პროდუქტის შექმნას კიდევ უფრო გაართულებს და გააძვირებს. მით უფრო, რომ მომხმარებლების რაოდენობა ისედაც ძალიან შემცირებულია. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი ეკონომიკასთან და გამოწვევებთან შესაბამისობაში უნდა განვიხილოთ და აქედან უნდა შევაფასოთ მისი სიკეთე და უაყოფითი მხარე. თორემ, ცალკე აღებული, კონტექსტის გარეშე, თბოეფექტური სახლი, რა თქმა უნდა, კარგია. თუმცა, იმ კონკრეტულ ეკონომიკურ გარემოში და ვითრებაში, რომელშიც ვიმყოფებით, ვფიქრობ, რომ დამატებითი სავალდებულო ჩანაწერები, რომელიც კიდევ უფრო ართულებს და აძვირებს მშენებლობას, არასწორია“.
ფასების 5-10%-ით გაზრდას ვარაუდობს სამშენებლო კომპანია „ივერიონის“ დამფუძნებელი. თუმცა, როგორც არჩილ ჯაყელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას აღნიშნავს, 2021 წლამდე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ კომპანიები ახალ სტანდარტებს მოერგონ.
„სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი უკვე თვითონვე ცდილობს, რომ ენერგოეფეტურ მასალებზე გადავიდნენ. თუ გვინდა, რომ ხარისხი მივიღოთ, სიახლეებს უნდა შევეგუოთ. ამასთან, საკმაოდ დიდი დროა 2021 წლამდე საიმისოდ, რომ სექტორი ეტაპობრივად გადაეწყოს. რა თქმა უნდა, ეს მცირედით გაძვირებას გამოწივევს, თუმცა, ყველაფერი ვითარდება და მშენებლობაც იხვეწება. თუ საუბარია იმაზე, რომ ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ, გვინდა თუ არა, უნდა გადავიდეთ ენერგოეფექტურ მასალებზე. იმიტომ, რომ მომავლის ტექნოლოგიებია და აუცილებელია. ჩემი კომპანიის შემთხვევაში, სადაც ისედაც გარკვეულწილად უკვე ვიყენებდით ენეროეფეტურ მასალებს, დაახლოებთ 5%-ით გაძვირდება. ხოლო, იმ კომპანიებში, სადაც საერთოდ არ იყენებდნენ მსგავს მასალებს, შესაძლოა, 10%-ითაც კი გაძვირდეს“,-ამბობს არჩილ ჯაყელი.