ნათია თურნავა მოსახლეობასა და ბიზნესს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მოსახლეობასა და ბიზნესს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „მოსახლეობის რელაქსირებული მიდგომით“ არ უნდა მოხდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება.

„ეკონომიკა იხსნება, ბიზნესი იქოქება, მაგრამ უნდა დავიცვათ სიფრთხილე. იცით, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვაქვს რამდენიმე შემთხვევა ახალი ინფიცირების, სადაც არ იძებნება ჯერჯერობით, წყარო. ეს არის მაინც სიფრთხილისკენ მიმართული მესიჯი. ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რა მონაპოვარიც არის ეტაპორივი გახსნა ჩვენი ეკონომიკის. იცით, რომ ვემზადებით 15 რიცხვიდან შიდა ტურიზმის გასახსნელად, ვემზადებით, რომ სრული მასშტაბით ამოქმედდეს ყველა ბიზნესი, ყველა საწარმო და განსაკუთრებით მინდა, რომ მოსახლეობას, ბიზნესებს, ყველას მოვუწოდო სიფრთხილისკენ, რადგან ეს არის ძალიან მოსაფრთხილებელი რამ. დღეს ჩვენ გვაქვს მართვადი ეპიდემიოლოგიური ვითარება, თუმცა ჩვენი დაუდევრობით, მოსახლეობის რელაქსირებული მიდგომით არ შეიძლება, რომ მოხდეს გართულება. აქედან გამომდინარე, კვლავ ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ ყველა წესი, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია თუ სავალდებულო წესი, რაც არის კანონით და ჩვენი მედიკოსების მიერ მოწოდებული, ეს არის გზა იმისა, რომ ჩვენ შემდგომშიც გეგმაზომიერად, თანდათან ვისწავლით მუშაობას, ცხოვრებას, საქმიანობას, მიუხედავად კოვიდინფექციისა, მიუხედავად პანდემიისა“, - განაცხადა თურნავამ.