„სასტუმროები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ უმასპინძლონ ათობით და ასობით ადამიანს, უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული სასტუმროები მხოლოდ შემოწმების შემდეგ შეძლებენ გახსნას.
„სასტუმროებთან დაკავშირებით კრიტერეუმები საკმაოდ მკაფიოა. ისინი გაწერილია სასტუმროებთან ერთად და ყველა ნიუანსი მათთან ერთად იყო გავლილი. სასტუმროები იყვნენ ჩვენი მუდმივი პარტნიორები ამ პროტოკოლების შემუშავებაში. ჯანდაცვის სამინისტრომ დიდწილად გაითვალისწინა მათი შენიშვნები. შეიძლება რაღაც ნიუანსები თვითონ წარმოიქმნას პროცესში იმიტომ, რომ არასდროს გვქონია ჩვენ საქმე პანდემიასთან, „კოვიდ 19’-თან, არც ჩვენ და არც კაცობრიობას მთლიანობაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაც ნიუანსები იყოს, რომელიც ძალიან ოპერატიულად წყდება, ვითვალისწინებთ და ავსახავთ, მაგრამ მიდგომა იქნება საკმაოდ მკაფიო. თქვენ ხედავთ, რომ ინფექციის შემთხვევები გრძელდება. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როცა ვერ ვიგებთ საიდანაა წამოსული ეს შემთხვევები, ეს არის ძალიან საგანგაშო ნიშანი ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, სასტუროები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ უმასპინძლონ ათობით და ასობთ ადამიანს, უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ისინი შემოწმებიდან გამომდინარე, „მწვანე შუქის“ მიცემის შემდეგ შეძლებენ კონკრეტული სასტუმროები გახსნას და ნუ გვიწყენენ თუკი ჩვენ ძალიან სკულპულოზურად მივუდგებით სასტუმროებში პროტოკოლების შესრულებას. ეს არის თქვენი, ჩვენი და საზოგადოების ჯანმრთელობის საკითხი“, - განაცხადა თურნავამ.