ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისში იმ ლაბორატორიების რაოდენობა, სადაც PCR ტესტირება ტარდება, 24-მდე გაიზრდება

ივლისის განმავლობაში იმ ლაბორატორიების რაოდენობა, სადაც PCR ტესტირება ტარდება, 18-დან 24-მდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მზადდება რეგულაციები, რომ კლინიკებს, რომელთაც 100-ზე მეტი საწოლი აქვთ, PCR ტექნოლოგიის ქონის ვალდებულება ექნებათ.

„დღეს საქართველოს მასშტაბით 18 ლაბორატორია აკეთებს PCR ტესტირებას, მათ შორის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ლაბორატორიები. ივლისის განმავლობაში ეს რიცხვი ავა 24-მდე. შემდეგ მზადდება რეგულაციები, რომ ყველა დიდ კლინიკას 100-ზე მეტ საწოლზე, ვალდებულება ექნება, რომ ჰქონდეს PCR ტექნოლოგია ან 24 საათში ჩაუტარონ შესაბამისი ხელშეკრულებით და ეს უფრო გაფართოვდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გაიზრდება იმ ჯგუფების რაოდენობაც ვისაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება და შემოდგომაზე ტესტირების დღიური მაჩვენებელი 6-7 ათასამდე ავა.

„ტესტირების დღიური მაჩვენებლი დაახლოებით 1500-ზე გვაქვს, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ 18 ლაბორატორიაში და შემდეგ დამატებულ კიდევ 6 ლაბორატორიაში ტესტირების მაჩვენებელი ავიყვანოთ 4500-ზე. მიმდინარეობს დამატებით ინვესტირების პროგრამაზე მუშაობა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ტესტირების მაჩვენებელი დღეში 6-7 ათასზე ავიყვანოთ.

ტესტირების ქვეშ მოექცევიან მთელი რიგი ჯგუფები, გარდა შესაძლო შემთხვევებისა. დღეს იტესტებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, ორ კვირაში ერთხელ და ორშაბათიდან გადავდივართ მათ კვირაში ერთხელ ტესტირებაზე, განსაკუთრებით კოვიდის, ცხელების ცენტრებისა და სასწრაფო დახმარების ექიმების შემთხვევაში, ხოლო დანარჩენი კლინიკების პერსონალი - ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები, ისინი გაიტესტებიან ასევე კვირაში ერთხელ, ხოლო დანარჩენი სამედიცინო პერსონალი გაიტესტება 2 კვირაში ერთხელ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.