კომპანია ,,ქონსთრაქშენ სერვისი“ წარმოების გაფართოების მიზნით, რუსთავში ახალ საწარმოს აშენებს

კომპანია ,,ქონსთრაქშენ სერვისი“ წარმოების გაფართოების მიზნით, რუსთავში ახალ საწარმოს აშენებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალი საწარმოო ფართის მშენებლობისთვის 10 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო, მიწის ნაკვეთი კი კომპანიას სახელმწიფომ გადასცა. ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და არსებულ საწარმოში მიმდინარე მუშა პროცესს, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო.

,,შესასრულებელი სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, რასაც ქართული ბაზარი ითხოვს, საწარმომ განახორციელა ახალი ინვესტიცია. სახელმწიფომ გამოყო მიწის ნაკვეთი მიმდებარე ტერიტორიაზე და ახალი საწარმოო ფართის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინვესტიციის დაახლოებითი მოცულობა 10 მილიონამდეა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებით დასასაქმებელი 200-მდე ადამიანის მოძიება და გადამზადება. ეს საწარმო მრავალპროფილურია და ლითონკონსტრუქციებს აწარმოებს, თანამშრომლები გადამზადებულები არიან და მათ სპეციალური სერთიფიკატები აქვთ. რა თქმა უნდა, ამ წარმოებაში შესრულებული სამუშაო უფრო მეტ ხარისხთან და უფრო მეტ მოთხოვნასთან არის დაკავშირებული “, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

,,ქონსთარქშენ სერვისის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადებით, საწარმო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, თვეში 300 ტონამდე ლითონის კონსტრუქციებს ამზადებს, გაფართოების შემდეგ კი წარმოებული პროდუქციის მოცულობა გასამმაგდება და დამატებით 200 ადამიანს დაასაქმებენ.

,,თანამშრომლების რაოდენობა გაგვეზრდება დაახლოებით 200 ადამიანით, თუმცა ესენი არ იქნებიან რიგითი მუშები, ესენი იქნებიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც სჭირდებათ გარკვეული პერიოდი ტრენინგების გავლა და სერთიფიცირება ევროკოდების მიხედვით, რაც ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად იგეგმება. ორი თვეში ვიქნებით ერთადერთი კომპანია, რომელშიც ხუთი ISO სერთიფიკატი იქნება დანერგილი, რაც საშუალებას მოგვცემს, საერთაშორისო დონეზე კვოტირებადი კომპანია გავხდეთ. კომპანიაში, ჯამში 450 თანამშრომელია დასაქმებული. ვინაიდან, ჩვენ ვართ ასევე ხიდების მშენებელი კომპანია და დღეისათვის საქართველოს 12 ლოკაციაზე ვაწარმოებთ სხადასხვა სირთულის, ასევე სიდიდის ხიდების მშენებლობას, შესაბამისად ამ ტერიტორიებზე გაშლილია ჩვენი ტექნიკა, ადამიანური რესურსი - ჩვენი პერსონალი, ამას ემატება სეზონურად დასაქმებულებიც, მაგრამ უშუალოდ საწარმოში 200 ადამიანია დასაქმებული, ამ ეტაპზე კი ჯამში, როგორც გითხარით 450-მდე. რაღა თქმა უნდა, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ადგილობრივ კადრებზე“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

"ქონსთრაქშენ სერვისში“ ახალი ინვესტიციის განხორციელება პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით მოხდა.